კალკულატორი
დავის ღირებულება
მოსმენის ფორმა
მოსაკრებლის ოდენობა
მედიაცია ეს არის დავის გადაწყვეტაზე ორიენტირებული პროცესი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნეიტრალური, გადაწყვეტილების მიღების უფლების არმქონე პირი, რომელიც მხარს უჭერს მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესს. მედიაციის პროცესში მხარეები სარგებლობენ ისეთი პრივილეგიებით, როგორიცაა კონფიდენციალურობა და ნებაყოფლობითობა. ისევე, როგორც მედიაციისთვის მიმართვის სტადიაზე, აგრეთვე დავის გადაწყვეტის ეტაპზე - მედიაციაზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული შეთანხმებით.
მედიაცია ტრადიციულ ფორმალურ პროცესებთან შედარებით არის უფრო ეკონომიური და სწრაფი. მედიაცია არაფორმალური პროცესია და გამომდინარე აქედან არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო წესები მის საფასურსა და ვადებთან მიმართებით. მხარეები მედიატორთან შეთანხმებით თავად განსაზღვრავენ მედიაციის ფასსა და მის ხანგრძლივობას.
არბიტრაჟი ეს არის დავის გადაწყვეტის არასასამართლო, კერძო პროცესი, რომელშიც მესამე დამოუკიდებელი პირი იღებს გადაწყვეტილებას. საარბიტრაჟო წარმოებისას მხარეებს გააჩნიათ შესაძლებლობა დავის გადაწყვეტის პროცედურა მაქსიმალურად შეუსაბამონ თავიანთ მოთხოვნებსა და ინტერესებს. მხარეებს შეუძლიათ შეარჩიონ არბიტრი, რომელსაც თავისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად ყველაზე უკეთ შეუძლია საქმის ყოველმხრივი და სწორი გადაწყვეტა, მხარეები ირჩევენ არბიტრს თავისუფალი ნების საფუძველზე, მათი კვალიფიკაციისა და დავის საგნის თავისებურების გათვალისწინებით
არბიტრაჟის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი კონფიდენციალურობა. არბიტრაჟი არის უფრო სწრაფი და ეკონომიური ვიდრე სასამართლო, ხოლო კვალიფიციური არბიტრებისა და საარბიტრაჟო ცენტრის მომსახურება უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებადობას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისთვის. არბიტრაჟის უპირატესობად მიიჩნევა ასევე პროცესის მოქნილობა, ეფექტურობა, სისწრაფე და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა.
მედიაციისა და არბიტრაჟის კომბინაცია წარმოადგენს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ერთ-ერთ ინოვაციურ სახეს, რომელიც ცნობილია როგორც მედ-არბი და მიიჩნევა დავის გადაწყვეტის ეფექტურ და სანდო მეთოდად. მედ-არბი განსაკუთრებით სახარბიელოა იმ მოდავე მხარეთათვის, რომლებიც მიისწრაფიან, რომ თავი აარიდონ სავალდებულო სასამართლო პროცედურებს. მედ-არბი მხარეებს სთავაზობს საწყის ეტაპზე დავის მოსაგვარებლად მიმართონ მედიაციას, ხოლო დავის სრულად ან გარკვეული საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში დავის მოგვარების პროცესი გადაზარდონ საარბიტრაჟო განხილვაში.
მედ-არბის პროცესის საშუალებით მხარეები გარანტირებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესის დასასრულს ყველა სადავო საკითხი გადაწყდება. მედ-არბის მეშვეობით მხარეებს მეტი შესაძლებლობა და არჩევანის საშუალება მიეცემათ დავის გადაწყვეტისათვის. მედიაციის პროცესისას მხარეებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები სრულად და ღიად, რაც მიიღწევა გამოცდილი ნეიტრალური მესამე პირის თანდასრებით. აღიარებულია ის ფაქტი, რომ სადავო საკითხები, რომლებიც გვარდება თავად მხარეთა მიერ, მათ ანიჭებს მეტ კმაყოფილებას. ხოლო დავის მოგვარების პროცესის მიმდინარეობისას, მხარეთა მიერ მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული თავიანთ დავას მოსაგვარებლად სრულად გადაზრდიან საარბიტრაჟო პროცესში, თუ მხოლოდ გარკვეულ საკითხებს დაუქვემდებარებენ საარბიტრაჟო განხილვას, რისი აუცილებლობაც შესაძლოა განსახილველი საკითხის კომპლექსურობიდან და ხასიათიადან გამომდინარეობდეს. არბიტრაჟი მიიჩნევა, როგორც სასამართლო პროცესი და მხარეებმა შესაძლოა ამჯობინონ, რომ ზოგიერთი ასპექტი ფორმალური პროცედურების საფუძველზე გადაწყდეს. სწორედ ამიტომ, მედიაციისა და არბიტრაჟის კომბინაცია უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს თავიანთი შეხედულების მიხედვით დაუქვემდებარონ სადავო საკითხები მბოჭავ თუ არამბოჭავ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმს.
მოლაპარაკება დავის გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. მოლაპარაკებების მეშვეობით შესაძლებელია დიდი და მცირე დავების გადაწყვეტა და ის შეიძლება, როგორც რთულ, ისე მარტივ პროცესს წარმოადგენდეს. ადამიანები მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ის ადამიანური ურთიერთობების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის შესაძლოა უშუალოდ მხარეებს შორის ან მხარეთა წარმომადგენლების მეშვეობით მიმდინარეობდეს. მოლაპარაკება შეიძლება იყოს ოფიციალური ან არაოფიციალური. ის შეიძლება წარიმართოს ზეპირად, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მაგრამ სამართლებრივი დავა როგორც წესი ყველა აღნიშნულ კომუნიკაციის საშუალებას აერთიანებს.
მოლაპარაკებების ხარჯი დაბალია დავის გადაწყვეტის ნებისმიერ სხვა მეთოდთან შედარებით. მოლაპარაკების წარმოება შეიძლება იყოს სრულიად კონფიდენციალური. ის მიმდინარეობს მხოლოდ მხარეების ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით. მოლაპარაკების პროცესი მოქნილია, როგორც მისი მიმდინარეობის, ისე მისი შედეგის თვალსაზრისით და მისი საშუალებით შესაძლებელია საკითხების გადაწყვეტა ძალზე სწარაფად და ეფექტიანად. მოლაპარაკება მხარეებს სთავაზობს სრულ კონტროლს პროცესზე და მის შედეგზე. მხარეები განსაზღვრავენ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და მიიღწევა თუ არა მორიგება. მოლაპარაკება იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარეებმა მიაღწიონ მორიგებას და შეინარჩუნონ მათ შორის არსებული ურთიერთობები, რაც განსაკუთრებით კომპლექსური ბიზნეს ურთიერთობების წარმატების საწინდარს წარმოადგენს.